საქველმოქმედო ფონდმა ,,აი ია“ მაკ ჯორჯიასთან თანამშრომლობით სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა მხარდაჭერის მიზნით სპეციალისტებისთვისა და მშობლებისთვის წიგნი გამოსცა.
წიგნში მოთხრობილია სმენა დაზიანებული ბავშვების დახმარების თანამედროვე შესაძლებლობების შესახებ. აღწერილია სმენადაზიანებული ბავშვების რეაბილიტაციის სამედიცინო, ტექნიკური და ფსიქო – საგანმანათლებლო მეთოდები. მოცემულია ინფორმაცია სასმენი აპარატების, კოხლეარული და ტვინის ღეროს იმპლანტების, ბავშვების სმენის პროთეზირების თავისებურებების, სმენა დაქვეითებული და ყრუ ბავშვების სწავლების მეთოდების, სოციალური და ფსიქოლოგიური საკითხებისა და მათი რეაბილიტაციის შესახებ. აღწერილია სმენა დაზიანებული ბავშვებისთვის მეტყველების განვითარების სმენითი მეთოდი.
წიგნის ავტორია პედაგოგიურ და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სმენითი რეაბილიტაციის მეთოდის ავტორი ინა კოროლიოვა.
ქართული თარგმანი კი ფონდის “აი ია” აუდიო-ვერბალურ თერაპევტს თეა გოჩიტაშვილს ეკუთვნის.
წიგნზე ასევე იმუშავეს კონსულტანტებმა სოფიო ნადირაძემ – კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრმა და მაკ ჯორჯიას პროგრამის “მშობლის სკივრი” ხელმძღვანელმა და ნინო ლომიძემ, რომელიც კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრი და მაკ ჯორჯიას ფსიქოლოგების დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
პროექტი განხორციელდა მაკ ჯორჯიას მიერ მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში საქველმოქმედო ფონდის ,,აი ია“ გამარჯვებული პროექტის ,,სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა მხარდაჭერა – სახელმძღვანელო მშობლებისა და სპეციალისტებისთვის“ ფარგლებში.