14 ივნისს თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღს საქველმოქმედო ფონდმა „აი ია“ ახალი მუსიკალური ლექსი სავარჯიშოების კრებული გადასცა. სახელმძღვანელო, რომელიც პროექტ „უსაზღვრო შესაძლებლობების ფარგლებში განათლების სამინისტროსა და ფონდის თანამშრომლობის შედეგად გამოიცა, შშმ ბავშვების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენასა და სხვა უნარების განვითარებას ემსახურება.
ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია თბილისის N41 საჯარო ბაგა-ბაღში გაიმართა, სადაც წიგნის ავტორებმა მისი მთავარი დანიშნულებისა და მიზნების შესახებ ინფორმაცია ბაღების საგანმანათლებლო მიმართულების კოორდინატორებს გააცნეს და ჩაატარეს საჩვენებელი მუსიკალური სავარჯიშოები. მათი განმარტებით, წიგნი გამიზნულია ადრეული ასაკის ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის და ის ხელს უწყობს ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბებას საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე მშობლებისა და ბავშვების ურთიერთობის გამრავალფეროვნებას.
ღონისძიებას დაესწრნენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან პეტრიაშვილი.
კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მუდმივად თანამშრომლობს ბავშვთა განვითარებისა და განათლების, ასევე ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და თითოეული ასეთი ღონისძიება სკოლამდელი განათლების განვითარების მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
„ჩვენ უკვე მეორედ გვიწევს თანამშრომლობა საქველმოქმედო ფონდ „აი იასთან“ და ამ შემთხვევაშიც, ბაღებში შევა კიდევ ერთი სახელმძღვანელო რესურსი ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობისათვის. მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ჩვენი აღმზრდელებისა თუ მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურსა და პროდუქტიულს გახდის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აღსაზრდელებს კი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაში დაეხმარება,“ – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.