რატომ არის ყოველდღიური ცხოვრებისეული აქტივობები უნიკალური საშუალება ახალი უნარების სწავლისთვის?
რადგან:
ყოველდღიურად ხდება
ბავშვმა იცის რას ელის ამა თუ იმ აქტივობის დროს და მისთვის ნაცნობია
აქტივობას აქვს დასაწყისი, პროცესი და დასასრული.
ხელ-პირის დაბანის, კვების, ჩაცმა/გახდის, გარეთ გასვლის, თამაშის და სხვა ყოველდღიური აქტივობების დროს სწავლის შესაძლებლობები მრავალფეროვანია და უფროსების მხრიდან შემოქმედებითობას და კრეატიულობას მოითხოვს.
ბავშვისთვის ნაცნობ გარემოში, ადამიანებთან და ნაცნობი სიტუაციების დროს უფროსის მიერ სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით ახალი უნარების სწავლის პროცესი მარტივია და მას ესა თუ ის უნარი ,,შემოესწავლება“ ხოლმე.
ამისთვის საჭიროა სწავლის შესაძლებლობები შევქმნათ აქტივობის დასაწყისში, პროცესში ან დასასრულისას, რასაც სხვადასხვა სტრატეგიის მეშვეობით მოვახერხებთ.
სტრატეგია – დავიწყება!
თუ გვსურს, რომ ბავშვს მაგალითად პრობლემის გადაჭრის უნარი გამოვუმუშავოთ – ერთ ერთი სტრატეგია რაიმეს ,,დავიწყებაა” ყოველდღიური აქტივობების დროს.
კვების დროს, როცა ჩვეულებრივ თავად ვუმზადებთ ბავშვს ყველაფერს, შევცვალოთ აქტივობის დასაწყისი და მაგიდასთან არ მივიტანოთ კოვზი.
დაველოდოთ ბავშვის რეაქციას, წავახალისოთ აღმოაჩინოს, რომ დაგვავიწყდა.
მაგალითები:
უფროსი: ,, მგონი, რაღაც დამავიწყდა? რა გვჭირდება რომ ვჭამოთ?“
ბავშვი: კოვზი
უფროსი: ,,სად არის კოვზი? შეგიძლია მოიტანო?
ბავშვი: კი
უფროსი: რამდენი კოვზი დაგვჭირდება?
ბავშვი: ერთი მე, ერთი შენ…
ჩაცმა/გახდისას: ორი სხვადასხვა ფეხსაცმელი მივაწოდოთ და წავახალისოთ ბავშვს აღმოაჩინოს განსხვავება. შემდეგ კი ვთხოვოთ ფეხსაცმლის წყვილი მოიძიოს.
ხელების დაბანისას ჩვეული დასასრული შევცვალოთ და დაგვავიწყდეს პირსაწმენდი. ვკითხოთ ბავშვს ,,როგორია შენი ხელი? მშრალი თუ სველი?“ ,,რა გვჭირდება რომ გაიმშრალო?“
ყოველდღიური აქტივობების პროცესში სწავლება სხვადასხვა უნარების წახალისების მრავალ შესაძლებლობას იძლევა.
პრინციპი ასეთია: დიდები ვქმნით შესაძლებლობას სწავლისთვის, ხოლო ბავშვები დამოუკიდებლად უმკლავდებიან მათ წინაშე არსებულ სიტუაციებს.
პირველ მაგალითში ბავშვი სწავლობს პრობლემის გადაჭრას, ინსტრუქციის გაგებას და შესრულებას, ეზრდება თვით-კმაყოფილება რადგან თავად გადაჭრა პრობლემა და რაც უფრო დამოუკიდებელია – მით უფრო უმაღლდება თვით-შეფასებაც.
მეორე მაგალითისას კი პრობლემის გადაჭრის გარდა საშუალება გვაქვს ორი იდენტური საგნის დაწყვილება წავახალისოთ.
მესამე მაგალითში კი აქტივობის დასასრულის ცვლილებით, ბავშვის მიერ ზედსართავი სახელების ცოდნისა და პრობლემის გადაჭრის უნარებს ერთდროულად წავახალისებთ.
სტრატეგია – თვალსაჩინო, მაგრამ არახელმისაწვდომი!
ეს არის გზა, რომელიც უფროსის მხრიდან გარემოში მარტივ მანიპულაციას გულისხმობს.
მაგალითად ვიცით, რომ ბავშვს სურს ხოლმე მანქანა, ვათავსებთ აღნიშნულს ხილულ, მაგრამ მისთვის არახელმისაწვდომ ადგილას, რათა ბუნებრივად წახალისდეს კომუნიკაცია, ან პრობლემის გადაჭრის უნარი. წავახალისოთ ნივთის მოთხოვნა და ლექსიკური მარაგის გამრავალფეროვნება ბავშვის განვითარების შესაბამისად.
მაგალითად:
პატარა ლაშა ანიშნებს მამას მანქანაზე და ამბობს ,და და“
მამა მიჰყვება ბავშვის ინტერესს, უხმოვანებს – ხოო, ეს შენი მანქანაა. გინდა?
და ელოდება.
ლაშა უქნევს თავს და ეუბნება ,,კა“.
მამა ახმოვანებს და აზუსტებს ბავშვის ნათქვამს, რადგან წაახალისოს სწორი წარმოთქმა. – კიიი. მანქანა გინდა. აჰა შენ მანქანა.
მამა ოდნავ წამღერებით და აქცენტირებულად ამბობს ,,კი“-ის, რაც ბავშვს ხელს უწყობს ბუნებრივად აღმოცენებულ სიტუაციაში დაისწავლოს ახალი სიტყვა და შემდგომში მიზანმიმართულად გამოიყენოს ის.
მაგალითად:
ბავშვს ძალიან უყვარს პური.
ოჯახის ერთობლივად კვების დროს ვათავსებთ პურს მაგიდის ცენტრში იმგვარად, რომ ბავშვი ხედავდეს, მაგრამ ვერ წვდებოდეს მას. მან უნდა მოითხოვოს, მიგვანიშნოს ან თავად გადაჭრას მის წინაშე არსებული პრობლემა.
აღნიშნული სტრატეგიის მთავარი გასაღები უფროსის მიერ შესაბამისი ლოდინის დროა, ე.წ. პაუზა, რათა ბავშვის დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარები წაახალისოს.
სტრატეგია – – შეცვალე მოსალოდნელი!
იმისათვის, რომ ბავშვის საკომუნიკაციო უნარები, მეტყველება და პრობლემის გადაჭრის უნარები წავახალისოთ – კარგად ნაცნობი, მისთვის მოსალოდნელი რამ უნდა შევცვალოთ და დაველოდოთ მის რეაქციას.
მაგალითად: დედა და ნინი ყოველ დღე კითხულობენ ხოლმე წიგნებს. ერთ დღეს დედამ წიგნი სპეციალურად უკუმა დაიჭირა, რათა ნინის შეემჩნია ეს და მასთან კომუნიკაცია დაემყარებინა. შემდეგ კი ,,გადაეჭრა“ პრობლემა. ზღაპრის კითხვისას კი წითელქუდა ბებიის სახლის ნაცვლად მეგობრების სახლში აღმოჩნდა.
ბავშვისთვის კარგად ნაცნობი აქტივობის ან ბიჯის ცვლილება ხშირად მათთვის ძალიან სახალისოა. მაგალითად მამა, რომელიც ცდილობს ამოტრიალებული ფანქრით, საშლელით ხატვას ბავშისთვის საკმაოდ კომიკურად გამოიყურება. ბავშვებს კი ყველაზე მეტად მშობლებთან ერთად სიცილი უყვართ.
,,შეცდომის“ შემჩნევა დისკრიმინაციისა და მეხსიერების შესახებაც გვაძლევს ინფორმაციას.
გახსოვდეთ: ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია და მათი საკომუნიკაციო ენაც შეიძლება განსხვავდებოდეს. წაახალისეთ მათი წარმატებული მცდელობები.
აღნიშნული სტრატეგიის მთავარი გასაღები უფროსის ,,სულელური”, აქტივობის ალოგიკური გაგრძელება ან შეცდომით გაკეთებაა.
სტრატეგია – დაეხმარე. არ გააკეთო მის ნაცვლად!
ჰიპერმზრუნველობა და ბავშვების ნაცვლად რაიმეს კეთება ზრუნვის მოძველებული ფორმაა, რომელიც ბავშვს განვითარების შესაძლებლობას ართმევს.
შეგვიძლია დავეხმაროთ, მაგრამ არ გავაკეთოთ მის ნაცვლად!
წარმოიდგინეთ სიტუაცია.
მამა ამბობს:
– ანდრია, გარეთ გასვლის დროა. გთხოვ ფეხსაცმელი ჩაიცვა
ანდრია მიდის ფეხსაცმლის კარადასთან , თუმცა ვერ აღებს კარადის კარს.
მამა: დახმარება ხომ არ გჭირდება?
ანდრია: კი ფეხსაცმელი მინდა.
მამა: უფ, ცოტა რთულია კარის გაღება, შეგიძლია დამეხმარო?
ანდრია და მამა ,,ერთად“ აღებენ კარს, ანდრია კი იღებს თავის ფეხსაცმელს.
მამა და ანდრია ფეხსაცმელს იცვამენ.
– ანდრია: მამა შემიკარი.
– მამა: კი დაგეხმარები, აი აქ გაუყარე თასმა და მერე შევკრათ.
ანდრია უყრის თასმას. მამა უკრავს და ანდრიას სთხოვს ძლიერად მოუჭიროს კვანძს. თან თავის ფეხსაცმელზე აჩვენებს თუ როგორ გააკეთოს ეს.
აღნიშნულ სიტუაციაში მამა შეეცადა ანდრიასთვის კარადის კარის გაღება, მოგვიანებით თასმის გაყრა და კვანძის შეკვრა ესწავლებინა, სადაც თავად მისცა მოდელი თუ როგორ გაეკეთებინა ანდრიას აქტივობაში შემავალი ესა თუ ის ნაბიჯი.
შედეგად მამამ წაახალისა ანდრიას დამოუკიდებლობა, ხელების გამოყენების და თვითმოვლის უნარ-ჩვევები, რაც ანდრიას თვითშეფასებაზეც დადებითაც აისახება.
რა არის გასაღები?
ვუზრუნველყოთ შესაძლებლობები და დავეხმაროთ ბავშვს მან თავად აკეთოს. ამისთვის კი აქტივობის იმ ნაბიჯზე ბავშვის ჩართვით და დავალების მიცემით მოვახერხებთ, რასაც ვიცით რომ წარმატებით გაართმევს თავს. შემდეგ ეტაპზე აღნიშნულის შენარჩუნება და მოგვიანებით ახალი გამოცდილების დამატებით ბავშვი სულ მალე სრულიად დამოუკიდებლად მოახერხებს თავად ჩაიცვას ფეხსაცმელი.
გახსოვდეთ, ბავშვებიც, ისევე როგორც უფროსები – ვსწავლობთ კეთებით.
სტრატეგია – შეაწყვეტინე ან შეაფერხე!
როდესაც ვსაუბრობთ ყოველდღიური აქტივობების დროს ბავშვისთვის ახალი უნარების სწავლებაზე – გაითვალისწინეთ, რომ ბავშვისთვის პროცესი არ გახდეს მოსაბეზრებელი.
აღნიშნული განსაკუთრებით იმ სტრატეგიას ეხება, რომელიც ახლა უნდა განვიხილოთ
აღნიშნული განსაკუთრებით იმ სტრატეგიას ეხება, რომელიც ახლა უნდა განვიხილოთ
დედა და მათე დილის ჰიგიენურ პროცედურებს ერთად ახორციელებენ. მათემ ჯაგრისი აიღო, დედამ კი კბილის პასტა არ მიაწოდა და ჰკითხა მათეს:
– ახლა რა უნდა გავაკეთოთ?
მათეს კი უნდა ეთქვა, თუ როგორ უნდა გაგრძელებულიყო კბილების გახეხვის პროცესი.
– პასტა დავადოთ
– აი აქ მქონია პასტა. ინებე.
– ახლა რა უნდა გავაკეთოთ?
მათეს კი უნდა ეთქვა, თუ როგორ უნდა გაგრძელებულიყო კბილების გახეხვის პროცესი.
– პასტა დავადოთ
– აი აქ მქონია პასტა. ინებე.
აქტივობის პატარ-პატარა ნაბიჯებად დაყოფა და რომელიმე ნაბიჯზე პროცესის შეფერხება სწავლის ერთ-ერთი სტრატეგიაა, რომლის გამოყენებაც განსაკუთრებით ეფექტურია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან.
სტრატეგიის დროს უფროსი მცირე პაუზას იყენებს ან აფერხებს აქტივობის ჩვეულ მიმდინარეობას, რათა ბავშვის პასუხები და ინიციატივა წაახალისოს.
მაგალითად: გარეთ გასვლისას უფროსი ამბობს – გარეთ ცივა, ავიღოთ ,,ქუდი“ , ეს რა არის? – ქუდი – პასუხობს თავადვე, მიანიშნებს ქუდზე და ელოდება ბავშვს, რომ გაიმეოროს სიტყვა ,,ქუდი“.
ფაზლის აწყობისას ფაზლის ბოლო ნაწილს დედა ხელში ინახავს და არაფერს ეუბნება ბავშვს, რათა ბუნებრივად წაახალისოს ბავშვის ინიციატივები და კომუნიკაცია.
აღნიშნული სტრატეგიის გამოყენებისას ბავშვისთვის აქტივობის განხორიციელება ძალიან დამღლელი არ უნდა გახდეს. ერთი აქტივობისას შესაძლოა დავუსვათ ერთი ან ორი კითხვა, შევაწყვეტინოთ პროცესი ერთხელ ან ორჯერ. უფროსის მიერ პროცესში გამოყენებული პაუზა კი არ უნდა აღემატებოდეს 5 წამს.