ბავშვებში კონდუქტური სმენის დაქვეითება, უფრო ხშირად, გამოწვეულია შუა ყურის ანთებით (ოტიტი), ცხვირის საყლაპავის ანთებით გაცივების ან გამოხატული ადენოიდების დროს, ალერგიული ან ვაზომოტორული რინიტით, გოგირდის საცობებით და ასევე, გარე ყურის ნაწილობრივი ან სრული განუვითარებლობით (ატრეზია), დაფის აპკისა და შუა ყურის ძვლების დაზიანებით ან ანომალიური განვითარებით, ბაროტრავმებით და სხვა.
შუა ყურის ანთებითი პროცესები გავლენას ახდენს შიდა ყურზე – არღვევენ ნორმალურ სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობენ მიკრობებისა და ტოქსინების შეღწევას. ანთება შეიძლება სენსონევრალური სიყრუის განმეორებითი წარმოქმნის მიზეზი გახდეს.
სენსონევრალური სმენის დაქვეითების ყველაზე ხშირ მიზეზებად გვევლინება – მემკვიდრეობითობა, ნეიროინფექციები, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ხმაურის ზემოქმედება, ოტოტოქსიკური პრეპარატების მიღება, ქალა-ტვინის ტრავმები.
სენსონევრალური სმენის დაქვეითების მქონე ადრეული ასაკის ბავშვების დიდ ნაწილს დაავადება დაბადებიდან აქვს და ამის ზუსტი მიზეზები ცნობილი არ არის. ასეთ შემთხვევაში განიხილება რისკის შესაძლო ფაქტორები, რომლებსაც შეეძლო გამოეწვია სმენის დარღვევა. ასეთ რისკებს მიეკუთვნება:
სმენასთან დაკავშირებული მძიმე მემკვიდრეობა (სმენის დარღვევები უახლოეს ნათესავებში);
ქალა – სახის ჩონჩხის თანდაყოლილი პათოლოგია;
დედის მიერ გადატანილი ვირუსული და ინფექციური დაავადებები ორსულობის პერიოდში (წითელა, ციტომეგალოვირუსი, ტოქსოპლაზმოზი, ჰერპესი);
როცა დაბადებისას ახალშობილის წონა 1500 გრამზე ნაკლებია და სხვა მდგომარეობები, რომლებიც მოითხოვენ ახალშობილის 48 საათზე მეტი დროით მოთავსებას ინტენსიური თერაპიის პალატაში;
დღენაკლულობა (36 კვირაზე ნაკლები);
ბილირუბინის მაღალი დონე, ჰიპოქსია და სხვა.
ბავშვებთან სენსონევრალური სმენის დაქვეითება ხშირად სიცოცხლის პირველ წლებში პროგრესირდება.
გამოკვლეულია, ზოგიერთ ბავშვში სიყრუე შესაძლოა მემკვიდრეობითი იყოს, თუმცა ოჯახში არც ერთ ნათესავს არ ჰქონდეს სმენის დაქვეითება. ასეთ შემთხვევაში სიყრუე გენების მუტაციის არის გამოწვეული. ამიტომ, თუკი ბავშვის სმენის დარღვევის მიზეზი უცნობია, რეკომენდებულია ჩატარდეს გენეტიკური გამოკვლევა. ამის მაგალითად გვევლინება სენსონევრალური სმენის დავეითება, რომელიც ცილა კონექსინ – 26-ის წარმოქმნაზე პასუხისმგებელი გენის მუტაციითაა გამოწვეული. ეს მუტაცია იწვევს სმენის პროგრესირებად დაქვეითებას, რომელიც სიცოცხლის პირველ წლებში ვითარდება და სმენის მძიმე დაკარგვამდე მიჰყავს ადამიანი. მუტაციის მატარებლად ორივე მშობელი გვევლინება, მაგრამ მათ სმენის დაქვეიტება არ აღენიშნებათ. ამასთან, რისკი იმისა, რომ მათ სმენადაქვეითებული ბავშვი ეყოლებათ, 50% -ს შეადგენს.
სმენის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი 50-ზე მეტი გენია გამოვლენილი. ამ გენებში მუტაცია სხვადასხვა სახის სმენის დაზიანებას იწვევს. ამ დარღვევების დიდი ნაწილი თანდაყოლილია ან ადრეულ ასაკში ვითარდება.
შესაძლოა, უშუალოდ გენების მუტაციებმა არ გამოიწვიოს სიყრუე, მაგრამ შინაგანი ფაქტორების ზემოქმედებით შექმნან წინაპირობა სმენის დაქვეითებისთვის