25 ივნისს, ახალი მეგობარი შევიძინეთ ნორვეგიიდან. Aina Therese Fossum მეოთხედ ეწვია საქართველოს და ვიზიტის ფარგლებში ჩვენი ფონდის ადმინისტრაციასა და ბენეფიციარების მშობლებს N64 საჯარო სკოლა-ში შეხვდა. უფროსი მრჩევლის პოზიციას იკავებს ნორვეგიის ინკლუზიური განათლების სერვის Statped-ში და თავადაც კოხლეარული იმპლანტის მატარებელი შვილის დედაა. აინამ კოხლეარული იმპლანტის მქონე ბავშვებთან მუშაობის პირადი და პროფესიული გამოცდილება გაგვიზიარა.
შეხვედრისას ვისაუბრეთ ჟესტური ენის შესახებაც. კოხლეარული იმპლანტის მქონე ბავშვებისათვის ჟესტური ენის მნიშვნელობაზე ხანგრძლივი დისკუსია მიმდინარეობდა. ქალბატონმა აინამ შვილის გამოცდილებით და ნორვეგიულ კვლევებზე დაყრდნობით გვითხრა, რომ ბავშვს, რომელსაც უკეთდება კოხლეარული იმპლანტაცია, სმენისა და მეტყველების განვითარებაზე მუშაობის პარალელურად ადრეული ასაკიდანვე ჟესტური ენის სწავლება ძალიან ეხმარება როგორც მეტყველების, ისე აზროვნების განვითარებაში.
ორგანიზაცია Hørselshemmede barns organisasjon – Hhbo-მ, საჩუქრის სახით შეხვედრის დამსწრე სტუმრებს საჩუქრად კოხლეარული იმპლანტის ელემენტები, კოხლეარის ფირმის ნაწილები და განმავითარებელი სათამაშოებიც გადმოგვცა.
მადლობას ვუხდით ჩვენს ნორვეგიელ მეგობრებს და გვიხარია, რომ Hhbo-ს სახით ძვირფასი გულშემატკივარი შევიძინეთ. ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.