ფონდი „აი ია“ საქველმოქმედო პროექტით ზემო აჭარას, კერძოდ, შუახევის მუნიციპალიტეტს ეწვია. სტუმრობის მიზანი გახლდათ რეგიონში მცხოვრები პატარებისთვის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, სმენასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საჭირო ინფორმაციის მიწოდება მათთვის საინტერესო შემეცნებითი და გასართობი აქტივობების საშუალებით.
შუახევის სახელოვნებო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის სხვადასხვა მუსიკალური საკრავების გამოყენებით სახალისო მუსიკალური აქტივობები ჩატარდა.
ფონდის თერაპევტებმა შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო ტრენინგი „გაუფრთხილდი სმენას“ ჩაატარეს, სადაც ინტერაქტიული დისკუსიების საშუალებით მოზარდებმა სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს სმენასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.
„საქველმოქმედო ფონდის „აი ია“ მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება ზემო აჭარის საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან. სასიხარულოა, რომ შუახევის საგანმანათლებლო დაწესებულებები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ჩვენს ინიციატივას. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ ამ რეგიონის საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ბავშვებისა და პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარებას. გვინდა, კიდევ ბევრი ლამაზი და ბედნიერი დღე ვაჩუქოთ ზემო აჭარაში მცხოვრებ პატარებს“, – აცხადებს ფონდის დირექტორი ნანა გოთუა.
მადლობას ვუხდით შუახევის მუნიციპალიტეტის, საჯარო და სახელოვნებო სკოლების წარმომადგენლებს თანამშრომლობისათვის.