ყური სამი ნაწილისგან შედგება: გარე, შუა და შიდა ყური.
გარე ყურის თითქმის ყველა ნაწილის დანახვაა შესაძლებელი, ესენია: ყურის ნიჟარა, გარე სასმენი ხვრელი და დაფის აპკი, რომელიც შუა ყურს გარე ყურისგან გამოყოფს. დაფის აპკს მოსდევს შუა ყური – პატარა ღრუ, რომელშიც განლაგებულია ერთმანეთზე თანმიმდევრულად (მიყოლებით) გადაბმული სამი პატარა ძვალი. ამ ძვლებიდან პირველი (ჩაქუჩი) მიბმულია დაფის აპკზე, ბოლო (უზანგი) – კი ოვალური ფანჯრის თხელ აპკზე, რომელიც შუა ყურს შიდა ყურისგან გამოყოფს.
შიდა ყური ყურის ყველაზე პატარა და მნიშვნელოვანი ნაწილია. მასში ჩართულია სმენის ორგანო (ლოკოკინა) და წონასწორობის ორგანო ანუ ვესტიბულარული აპარატი. წონასწორობის ორგანოში მოთავსებულია უჯრედები, რომლებიც სხეულის სივრცეში ცვლისას რეაგირებენ და ამ ცვლის შესახებ ინფორმაციას ტვინს გადასცემენ. გამომდინარე იქიდან, რომ სმენისა და წონასწორობის ორგანოები გვერდიგვერდაა განლაგებული, სმენის დაზიანების მქონე ბავშვებს, ხშირად, აღენიშნებათ წონასწორობისა და მოძრაობის დარღვევა.
სმენის ორგანოს ეწოდება „ლოკოკინა“, რადგან მისი ფორმა ლოკოკინის ნიჟარას მოგვაგონებს. ლოკოკინა ავსებულია სითხით, მასში სპეციალურ ფირფიტაზე განლაგებულია სმენის რეცეპტორები – წამწამოვანი უჯრედები. ისინი პასუხობენ სხვადასხვა სიხშირის ბგერებზე (სხვადასხვა ხმის სიმაღლის) და უერთდებიან სმენის ნერვს, რომელიც ხმოვან ინფორმაციას ტვინის ცენტრს გადასცემენ.
ბგერებისა და მეტყველების ანალიზი ტვინის ქერქქვეშა და ქერქოვან ცენტრებში მიმდინარეობს.
ყური, სმენის ნერვი, ტვინის ქერქქვეშა და ქერქოვანი სმენის ცენტრები ერთად შეადგენენ სმენის სისტემას.
ქერქქვეშა ცენტრებში ანალიზირდება ინფორმაცია ბგერის ლოკალიზაციის შესახებ, ფორმირდება ბგერებზე უნებლიე რეაქცია და სხვა. ანალიზის ძირითადი პროცესები, გაგება, დამახსოვრება, მეტყველებისა და გარემომცველი ბგერების შენახვა და გაგება ტვინის დიდი ნახევარსფეროს ქერქში მიმდინარეობს.
ქერქოვანი ცენტრები სმენის ზონებს რთავენ ტვინის დიდი ნახევარსფეროს ქერქში. სმენის ზონები განლაგებულია ტვინის უმაღლეს ნაწილებში. ისინი დაკავშირებულნი არიან ტვინის მოძრაობის, მხედველობის და სხვა ცენტრებთან. ამის წყალობით, როცა ჩვენ გვესმის ძაღლის ყეფა, მაშინვე სურათ-ხატად წარმოგვიდგება ძაღლის გამოსახულება და შეგვიძლია გონებაში გავიმეოროთ ეს ბგერა ან წარმოვთქვათ სიტყვა „ძაღლი“.
ადამიანს ორი ყური აქვს და ტვინის ყველა ქერქქვეშა და ქერქოვანი სმენის ცენტრი ასევე დაწყვილებულია. ამასთან, ისინი უერთდებიან ერთმანეთს და ურთიერთქმედებენ. ორი ყურის ურთიერთქმედებას ბინაურალური სმენა ეწოდება. ისინი აუცილებელია იმის განსასაზღვრად თუ საიდან მოდის ბგერა და ასევე მეტყველების აღქმისთვის ხმაურსა და ისეთ შენობებში, სადაც ბგერები კედლიდან ძლიერად აირეკლება (რევერბერაცია).
მემარჯვენეებთან მეტყველების ანალიზისას წამყვან როლს ასრულებს ტვინის მარცხენა ნახევარსფერო. მემარცხენეთა 70%-სთვის ასევე დამახასიათებელია მარცხენა ნახევარსფეროს აქტიური მონაწილეობა მეტყველების აღქმაში. დანარჩენ მემარცხენეებთან დომინირებს მარჯვენა ნახევარსფერო ან ორივე ნახევარსფერო თანაბარ როლს თამაშობს. ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროც მონაწილეობს მეტყველების ანალიზში, მაგალითად, ინტონაციის ანალიზში, ხმაურში მეტყველების აღქმაში. გარდა ამისა, მარჯვენა ნახევარსფერო გამსაკუთრებულ როლს თამაშობს ბავშვის მიერ მეტყველების დაუფლებისას. მარცხენა ნახევასფეროში ინფორმაცია ძირითადად მოდის მარჯვენა ყურიდან, ხოლო მარჯვენა ნახევარსფეროში – მარცხენა ყურიდან. ნახევარსფეროები ინფორმაციის დამუშავების პროცესში ერთიმეორეზე ურთიერთქმედებენ სპეციალური სტრუქტურების მეშვეობით, რომლებიც ნახევარსფეროებს აერთიანებენ.