საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსის „უსაზღვრო შესაძლებლობები“ ფარგლებში დაფინანსდა და გამოიცა „ქართული სიმღერა-თამაშების წიგნი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის (ნორდოფ-რობინსის მუსიკათერაპიის მიხედვით)’’.
პროექტის თანადამფინანსებელი და განმახორციელებელია ა(ა)იპ „სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი აი ია“. პროექტის შედეგად, პირველად, საქართველოში შეიქმნა მსოფლიოში გავრცელებული ნორდოფ-რობინსის მუსიკის თერაპიის პრინციპებზე დაფუძნებული ქართულენოვანი სიმღერა-თამაშების წიგნი. კრებულში თავმოყრილი მასალა სხვადასხვა დარღვევის მქონე ბავშვების უნარების განვითარებას უწყობს ხელს; იძლევა არაჩვეულებრივ საშუალებას გააუმჯობესოს ბავშვისა და გარემოს ურთიერთობა – მასწავლებელი-მოსწავლის, თერაპევტი-პაციენტის, მშობელი-შვილის კომუნიკაცია.
სიმღერა-თამაშების შექმნაზე ერთობლივად მუშაობდნენ წიგნის შემდგენელი, მუსიკალური რედაქტორი და კომპოზიტორი – გერმანიაში მოღვაწე, 16 წლიანი გამოცდილების მქონე სერტიფიცირებული მუსიკათერაპევტი, M.A., ფსიქოთერაპევტი და ონკოფსიქოლოგი ქ-ნი მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი და მისი ასისტენტები – საქველმოქმედო ფონდის ,,აი ია’’ გუნდის წევრები და კომპოზიტორები – სალომე ხუციშვილი და თამარ ჟორდანია.
საქართველოში უმაღლესი განათლების არცერთ საფეხურზე არ არსებობს საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც კურსდამთვრდებულს მუსიკათერაპევტის წოდებას ანიჭებს. ეს დარგი, როგორც აკადემიური მიმართულება, ახლა იდგამს პირველ ნაბიჯებს. შესაბამისად მუსიკათერაპიის სწავლება ხდება მხოლოდ უცხოეთში მოღვაწე სპეციალისტების დახმარებით.
სწორედ ამ მიზნით 2018 წლის აგვისტოში, სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია /რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდის „აი ია“ ინიციატივით, კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებლად მოწვეულ იქნა ქალბატონი მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი, რომელთან თანამშრომლობითაც ფონდის ბაზაზე შეიქმნა ნორდოფ-რობინსის მუსიკათერაპიის ქართული სკოლის დაფუძნების პირველი პრეცენდენტი. ფონდის ხელშეწყობით, სხვადასხვა სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებისთვის თერაპიები სრულიად უსასყიდლოდ ტარდებოდა.
ქ-ნი მარინას მიერ შერჩეული ასისტენტების, „აი იას“ გუნდის წევრების თამარ ჟორდანიასა და სალომე ხუციშვილის ყოველდღიური პროფესიული მოღვაწეობის განუყოფელი ნაწილია სიმღერა-თამაშები და იმპროვიზაცია. მუშაობის საწყის ეტაპზე ყველა სიმღერა-თამაში, რომელიც თერაპიის პროცესში გამოიყენებოდა, გერმანულიდან უხეშ ნათარგმნს წარმოადგენდა. ბენეფიციარებთან თერაპიული პროცესის მიმდინარეობისას ბუნებრივად იბადებოდა ახალი – ქართული ენისთვის ორგანული სიმღერა-თამაშები.
სწორედ აქედან გაჩნდა იდეა შექმნილიყო ქართულ ენაზე სიმღერა-თამაშების კრებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
პროექტის განხორციელების შედეგად შექმნილი წიგნები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დაწესებულებას საჩუქრად გადაეცემა. კრებულების გავრცელება გერმანიის ქალაქ ვიტენში – ნორდოფ/რობინსის ცენტრშიც იგეგმება. წიგნების პრაქტიკაში გამოყენება როგორც უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მომუშავე სარეაბილიტაციო ცენტრების სპეციალისტებს, ისე საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ტიპიური განვითარებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მომუშავე მუსიკის მასწავლებლებს შეეძლებათ.
,,მარინა რაიდტ-ალთუნაშვილმა, [ნორდოფ-რობინსის მუსიკათერაპიის] სკოლის ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა, მიაწოდა ეს იმპულსი საქართველოს, სადაც, ბავშვებთან იმპროვიზაციის გზით, განავითარა და დანერგა თერაპიული სიმღერები ბავშვებისათვის. ჩვენ ვხედავთ ამ სიმღერების ფესვებს როგორც ქართულ ტრადიციულ მუსიკაში, ასევე ბავშვების ყოველდღიურ გარემოში. ამ გზით იქმნება იმპროვიზაციის, და ერთობლივ თამაშობებში სიმღერების შემდგომი განვითარების სტიმული – ამგვარად კი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების განვითარებას ეწყობა ხელი. ის ფაქტი, რომ ამ სიმღერების გამოცემას ხელი შეუწყო განათლების სამინისტრომ, გვაჩვენებს ამ საკითხში კულტურული ინსტიტუციების ჩართულობის მნიშვნელობას.’’ – ამბობს წიგნის რეცენზენტი, პროფ. დრ. ლუტც ნოიგებაუერი გერმანიის მუსიკათერაპევტების საზოგადობის თავმჯდომარე.
© საქველმოქმედო ფონდი „აი ია“, 2019
კრებულის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია აღნიშნულ ბმულზე: