3-4 ოქტომბერს საქველმოქმედო ფონდის „აი ია“ გუნდი ბათუმში გამართულ ABC საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული სამაგისტრო პროგრამის – „კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის’’ შეჯამებას მიეძღვნა და საერთაშორისო დონის სპეციალისტების ჩართულობით გაიმართა. მომხსენებლებმა მრავლობითი დარღვევების, მათ შორის, სმენა-მხედველობის დაქვეითების მქონე ბავშვებთან ყოველდღიურ ცხოვრებაში კომუნიკაციის განვითარების მნიშვნელობასა და პროფესიულ ორგანიზაციებში ეთიკის თემაზე ისაუბრეს.
ამ თემების განვრცობა სამუშაო ჯგუფების ფორმატშიც გაგრძელდა. ფონდის გუნდის წევრებმა სფეროში მოღვაწე უცხოელ კოლეგებთან სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობაზეც იმსჯელეს.
დასასრულს, კონფერენციის მონაწილეებს საგანმანათლებლო რესურსები და სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ქართულ ენაზე შექმნილი შეფასების ინსტრუმენტები გადმოეცათ.
სასიხარულოა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებმა სასწავლო პრაქტიკა ფონდის ბაზაზე გაიარეს. ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება და ფონდი „აი ია“ კვლავ განაგრძობს სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.