წიგნში წარმოდგენილი ლექსი-სავარჯიშოები აგებულია მუსიკის, მეტყველებისა და მოძრაობის ერთდროულობის პრინციპზე, რასაც ლოგორიტმიკა ეწოდება. მეტყველებასთან დაკავშირებული სირთულეების მქონე ბავშვებთან თერაპიული მუშაობის დროს მუსიკის ინტეგრირებას დადებითი გავლენა აქვს. მუსიკალური ლექსი-სავარჯიშოების გამოყენებით სპეციალისტს რამდენიმე უნარზე ერთდროულად მუშაობის საშუალება ეძლევა.
წიგნის ავტორები არიან:
ნინო გაბაშვილი: ფსიქოლოგი, ლოგოპედი, ენისა და მეტყველების თერაპიის ასოციაციის დამფუძნებელი, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ტრენინგ ცენტრის „ლოგოსი“ ტრენერი.
თამარ ჟორდანია: პიანისტი, კომპოზიტორი, მუსიკათერაპევტი, მაგისტრანტი ეთნომუსიკოლოგიაში.
წიგნი შედგება 4 ნაწილისგან
პირველი ნაწილი – ლექსი- სავარჯიშოები
პირველ ნაწილში თქვენ წაიკითხავთ ლექსებს და შესაბამისი სიმბოლოების მეშვეობით გაიგებთ, რომელი უნარების გავარჯიშებას უწყობს ხელს აღნიშნული მუსიკალური ლექსი-სავარჯიშო.
მეორე ნაწილი – ნოტები
მეორე ნაწილში თქვენ იხილავთ მუსიკალური ლექსი-სავარჯიშოების შესაბამის ნოტებს.
მესამე ნაწილი – ინსტრუქციები
მესამე ნაწილში ლექსი-სავარჯიშოს განხორციელების ინსტრუქციებია მოცემული, სადაც ახსნილია, თუ როგორ უნდა შეასრულოთ ესა თუ ის აქტივობა ბავშვებთან ერთად.
მეოთხე ნაწილი – ვიდეომასალა
მეოთხე ნაწილში იხილავთ დისკს, რომელზეც წიგნში წარმოდგენილი მუსიკალური ლექსი-სავარჯიშოები პრაქტიკაშია ნაჩვენები. ვიდეოებში ლექსების ავტორი, ქალბატონი ნინო გაბაშვილი, ხსნის მუსიკალური ლექსი-სავარჯიშოს მნიშვ- ნელობას და შესრულების დროს გასათვალისწინებელ საკითხებს. ვიდეოს მეორე ნაწილში მუსიკის ავტორის, თამარ ჟორდანიას, მიერ შესრულებული ლექსი-სავარჯიშოებია ნაჩვენები. ვიდეომასალაში ნახავთ, თუ როგორ გამოიყურება აქტივობები პრაქტიკაში.
პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში „უსაზღვრო შესაძლებლობები“ საქველმოქმედო ფონდის „აი ია“ გამარჯვებული პროექტის „მუსიკალური ლექსი-სავარჯიშოები შშმ ბავშვების შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად“ ფარგლებში.
© საქველმოქმედო ფონდი „აი ია“, 2020
წიგნის ელექტრონული ვერსიის გადმოწერა შეგიძლიათ ლინკიდან: მუსიკალური ლექსი-სავარჯიშოები ბავშვებისთვის