საქართველოს არაოფიციალური ვიზიტით მონაკოს პრინცესა, შარლინ უოტსტოკი და მონაკოს სამეფო დელეგაცია სტუმრობდა. პრინცესას ვიზიტი შედგა საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ ეგიდით.
პრინცესა ფონდის დამფუძნებლებთან ერთად “აი იას” საქმიანობას გაეცნო, განიხილა სმენის პრობლემების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისას მიღებული შედეგები და ფონდის სამომავლო გეგმები. პრინცესა ადგილზე მიმდინარე თერაპიაში თავადაც ჩაერთო.
პრინცესა შარლინი ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისა და კეთილდღეობის საკითხების, სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვთა აქტიური მხარდამჭერია. იგი მუდმივად ზრუნავს სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე და სწორედ ამიტომ, საქველმოქმედო ფონდმა , “აი ია” მას სამეთვალყურეო საბჭოს საპატიო წევრობა მიანიჭა და „სიკეთის ელჩის სიგელი“ გადასცა.
პრინცესას აგრეთვე გადაეცა ფონდ „ქართული გალობის“ ჯილდო – „მადლიერების ჩიტი“, ბავშვთა ჯანმრთელობისა და დაცვის სფეროში აქტიური საქველმოქმედო საქმიანობისთვის.
პრინცესა შარლინმა გამოთქვა მზაობა მონაწილეობა მიიღოს კოხლეარული იმპლანტის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის სისტემის განვითარებასა და გაუმჯობესებაში, რომელსაც საქველმოქმედო ფონდ “აი ია”-სთან ერთად განახორციელებს.