სახელმძღვანელო შეიქმნა მაკ ჯორჯიას მიერ მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტის ,,სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა მხარდაჭერა“ ს ფარგლებში. პროექტის თანადამფინანსებელი და განმახორციელებელია სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი აი ია, რომელიც საინვესტიციო ჰოლდინგის, სმარტ კაპიტალ ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების მნიშვნელოვანი ფონდია.
პროექტის პარტნიორია კომპანია კინდსმენა.
წიგნში აღწერილია სმენადაზიანებული ბავშვების რეაბილიტაციის სამედიცინო, ტექნიკური და ფსიქო – საგანმანათლებლო მეთოდები. მოცემულია ინფორმაცია სასმენი აპარატების, კოხლეარული და ტვინის ღეროს იმპლანტების, ბავშვების სმენის პროთეზირების თავისებურებების შესახებ. განხილულია მეტყველების განვითარების სმენითი მეთოდი.
პედაგოგიურ და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, სმენითი რეაბილიტაციის მეთოდის ავტორის – ინა კოროლიოვას წიგნის ქართული თარგმანი ფონდის აი ია აუდიო-ვერბალურ თერაპევტს თეა გოჩიტაშვილს ეკუთვნის. წიგნზე ასევე იმუშავეს კონსულტანტებმა სოფიო ნადირაძემ – კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრმა, მაკ ჯორჯიას პროგრამის“მშობლის სკივრი” ხელმძღვანელმა და ნინო ლომიძემ, რომელიც კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრი და მაკ ჯორჯიას ფსიქოლოგების დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
წიგნი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სამაგისტრო კურსში ინტეგრირდა და ილიაუნის ბიბლიოთეკას გადაეცა.