მიმდინარე წლის 28 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით სმარტ კაპიტალ ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ორგანიზაციები: საქველმოქმედო ფონდი ,,აი ია“ და ქართულ- გერმანული მუსიკათერაპიის ცენტრი ,,ბეკარი“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ინიციატივით ღონისძიება გამართა და თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მხარის ოთხივე (ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი) მუნიციპალიტეტთან.
მემორანდუმის მიზანია შშმ პირთათვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში.
ამბროლაურის, მუნიციპალიტეტში სამ დღიანი ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა:
- უფასო კონსულტაციები ოჯახებისა და ბავშვებისთვის, რომელთაც აქვთ სმენის დაზიანება და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები;
- მუსიკათერაპიის სეანსები ფსიქო-ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებისთვის;
- ვორკშოპები ბაღის აღმზრდელებისა და სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგებისთვის უსაფრთხო სმენის საკითხებთან დაკავშირებით;
- ბაღში მომუშავე მუსიკის მასწავლებლებისთვის ვორკშოპი, სადაც მათ გადაეცათ პრაქტიკული სახელმძღვანელოები;
- მშობლებისთვის გაიმართა კითხვა-პასუხის სესია ნეიროფსიქოლოგებთან.