გუნდი

ნანა გოთუა – სმარტ კაპიტალ ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი, ფონდის ,,აი ია”  სულისჩამდგმელი და ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ქალბატონი ნანას და მისი ოჯახის ხელშეწყობით, ფონდი უკვე რამდენიმე წელია სმენადაზიანებულ ბავშვთა ათეულობით ოჯახს საქართველოში უნიკალურ და კომპლექსურ სერვისს აწვდის; სწორედ ქალბატონი ნანაა ის ადამიანი, რომელიც მუდმივად მხარს უჭერს განვითარებას და ფონდში ნოვატორული მიდგომების დანერგვას.

სალომე ბარბაქაძე –  ჩვენი ფონდის კონსულტანტი და პროექტების განვითარების მენეჯერია. ის პროფესიით ოკუპაციური თერაპევტია. სალომეს მრავალმხრივი ცოდნა და გამოცდილება გვეხმარება ჩვენი სერვისები სრულიად ითვალისწინებდეს ბავშვისა და ოჯახის საჭიროებებს, ორიენტირებული იყოს მათი ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებასა და კეთილდღეობაზე.
ფონდი ვითარდება და ამ გზაზე ახალი იდეების რეალიზებაზე ფიქრი ძალიან მნიშვნელოვანია. იმისათვის კი, რომ იდეა განხორციელდეს, საჭიროა მისი პროექტად გარდაქმნა, ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობების დამყარება. სალომეც გუნდის სხვა წევრებთან ერთად, ამ მიმართულებითაც მუშაობს.

ქეთევან პეტრიაშვილი – ჩვენი ფონდი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, რომელსაც სხვადასხვა ადამიანი უძღვება. მიუხედავად თითოეული ადამიანის მოტივაციისა, ნებისმიერ გუნდშია საჭირო ადამიანი, რომელიც მთელ პროცესს ერთ მთლიანში გააერთიანებს. ჩვენს ფონდში სწორედ ქეთია ის ადამიანი, რომელიც ყველა მიმართულების გამართულ და შეთანხმებულ მუშაობას უზრუნველყოფს და ფონდის თითოეული წევრის – თანამშრომლებისა თუ ოჯახების – მხარდამჭერია.

ირა ბარამიძე –  ჩვენი ფონდის ფინანსური მენეჯერი. სწორედ ის ზრუნავს, რომ თანამშრომლებსა და ოჯახებს მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეუქმნას, უზრუნველყოს საჭირო მასალებით და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული წვრილმანები თუ მსხვილმანები თავიდან აარიდოს.

თამარ ბიწაძე – ფონდი მუდმივად თვითგანვითარებაზეა ორიენტირებული, რათა მიწოდებული მომსახურების ხარისხი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. თაკოც, ჩვენს თერაპევტებთან ერთად, აქტიურად ზრუნავს მტკიცებულებაზე დაფუძნებული და კლიენტზე ცენტრირებული მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფას ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის. იგი უშუალოდ სარეაბილიტაციო პროცესს უწევს კოორდინირებას.

თამუნა კირვალიძე – სმენა სამყაროსთან მაკავშირებელი ერთ-ერთი საშუალებაა. ჩვენი სუდროპედაგოგი (აუდიო-ვერბალური თერაპევტი), თამუნა კირვალიძე პატარებს უვითარებს სმენას, ახდენს სმენითი შთბაჭდილებების დაგროვებას, ეხმარება საკომუნიკაციო უნარების განვითარებასა და ლექსიკური მარაგის დაგროვებაში. თამუნა გვეხმარება სმენის პრობლემის დადგენასა და მის კორექციაში. მშობელები ბავშვების ცხოვრებაში აქტიურ როლს თამაშობენ, სწორედ ამიტომ სუდროპედაგოგი მათი მაქსიმალური ჩართულობით მუშაობს.

თეა გოჩიტაშვილი – მეტყველება გვეხმარება უკეთ გამოვხატოთ ჩვენი გრძნობები და ემოციები. ჩვენი ლოგოპედი, თეა გოჩიტაშვილი პატარებს ეხმარება მეტყველების გაუმჯობესებაში, თამაშ-თამაშით ახდენს მის სტიმულირებას, ატარებს ფონოლოგიურ-არტიკულაციურ თერაპიასა დაარტიკულაციურ სავარჯიშოებს, ასევე სუნთქვით და მოტორიკის სავარჯიშოებს და ეხმარება ხმის მართვაში.

ეკა თალაკვაძე – ფონდის მთავარი მიზანია პატარებს დაეხმაროს ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარებასა და მაქსიმალურ გამოვლენაში. ჩვენი სპეციალური პედაგოგი, ეკა თალაკვაძე ქმნის სასწავლო გარემოს, რომელიც ბავშვებს ხელს უწყობს პრეაკადემიურ, სენსო-მოტორულ, კოგნიტურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებას. თამაში ბავშვის განვითარების საუკეთესო საშუალებაა და სწორედ ამიტომ თერაპიისას ვცდილობთ აქტივობები თამაშის სახით მივაწოდოთ.

თეა გაჩეჩილაძე – ხელოვნების დახმარებით ადამიანები უარყოფითი ემოციებისგან სრულიად თავისუფლდებიან. ჩვენი არტ-თერაპევტი, თეა გაჩეჩილაძე ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე ატარებს თერაპიას სხვადასხვა ტექნიკით და მასალით. არტ-თერაპია უფრო პოზიტიური განმამტკიცებელია სმენა მეტყველების თერაპიის შემდეგ, აქ ხდება სხვადასხვა თერაპიაზე მიწოდებული სასწავლო მასალის მხიარული გზით განმტკიცება.

სალომე ხუციშვილი – ჩვენი მუსიკის თერაპევტი სალომე ხუციშვილი პატარებს ასწავლის მოუსმინონ სამყაროს მშვენიერ ხმებსა და მელოდიებს. მუსიკის ძალით ზემოქმედებს მათ ფსიქოლოგიაზე და სრულიად ათავისუფლებს უარყოფითი ენერგიისგან. სალომე ეხმარება პატარებს სმენის, რითმისა და მეტყველების განვითარებასა და გაუმჯობესაბაში.