ფონდი „აი ია“ აგრძელებს თანამშრომლობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან. 20 მაისს გაიმართა მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრა ,,ერასმუს +’’-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ABC – Assisting Better Communication“ ფარგლებში. შეხვედრის მიზანი იყო გამოცდილებისა და რესურსების შესახებ ინფორმაციის გაზიარება ადრეულ ასაკში სმენის, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების განვითარების შესაფასებელ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით.
დღესდღეობით, არ არსებობს აღნიშნული შესაფასებელი ინსტრუმენტების ქართული, ადაპტირებული და ნორმირებული ვერსია, რაც სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს როგორც სმენის, ისე კომუნიკაციის, ენის, მეტყველების დარღვევების მქონე ბავშვებთან მომუშავე ქართველი სპეციალისტებისთვის.
ილიაუნის ბაზაზე განხორციელებული ABC – პროექტის ფარგლებში, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ქართულად ნათარგმნი და ადაპტირებული კითხვარების შექმნაც.
შეხვედრას ესწრებოდა ფონდის ,,აი ია’’ გუნდი და ილიაუნიდან სფეროს ექსპერტები:
ნინო ცინცაძე – ABC, Assisting Better Communication – Erasmus + პროექტის ხელმძღვანელი. ილიაუნიში საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მონაწილეობს კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის შექმნასა და კლინიკური სუპერვიზიის მოდელის განვითარებაში.
თინათინ ჭინჭარაული – პროფესორი, ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს “ბავშვის განვითარების ინსტიტუტი”.
მაია წულაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს ქვეპროგრამის – ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობა პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურზე – კოორდინატორი.
ასევე, შეხვედრაში ჩართული იყვნენ ილიაუნის სამაგისტრო პროგრამის – კომუნიკაცია, ენა, მეტყველების – სტუდენტები – ელენე წკრიალაშვილი, ანა შამათავა, თიკო ანთიძე, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ქართულ ენაზე 20-მდე სპეციფიკური ინგლისურენოვანი ინსტრუმენტის თარგმნაში და რომლებმაც ჩვენს ფონდშიც გაიარეს პრაქტიკა, ხოლო ზოგიერთი კითხვარით ჩვენი ბენეფიციარები შეაფასეს.
შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა, რადგან ინფორმაციის გაცვლა მნიშვნელოვანი იყო ყველა მხარისათვის. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა სმენის მიმართულებით შესაფასებელი ინსტრუმენტების შექმნის საჭიროებას, რაშიც ,,აი ია’’ და ფონდის სპეციალისტები ილიაუნთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას.