საქველმოქმედო ფონდში ,,აი ია” 31 იანვარს 2019 წლის მშობელთა კლუბის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეკრება ძალიან ინტერაქტიული და ემოციებით დატვირთული იყო, მონაწილე მშობლებმა ისაუბრეს კლუბის შეხვედრების დიდ მნიშვნელობაზე, აღნიშნეს რამდენად დადებით გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ასევე ინფორმაციულ და ემოციურ მდგომარეობაზე ის ფაქტი, რომ მსგავს მდგომარეობაში მყოფი მშობლები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ, იძენენ ახალ ინფორმაციას და რომ „აი ია“ ერთადერთი ადგილია, სადაც გულწრფელად შეუძლიათ გამოხატონ ემოციები, რომელსაც სხვაგან ვერსად გამოხატავენ.
კლუბის ძველ წევრებთან ერთად, ფონდის ახალი ბენეფიციარების მშობლები აქტიურად ჩაებნენ კლუბის მუშაობაში. ერთობილივი გადაწყვეტილებით შეხვედრები ყოველთვიურად მოეწყობა, სადაც განხილული იქნება მშობლებისთვის პრობლემური და აქტუალური თემები.
კლუბი რამდენიმე კომპლექსურ მიზანს ემსახურება: მშობელთა ჯგუფის ინფორმაციული და ფსიქო-სოციალური გაძლიერება, წევრებს შორის გამოცდილების გაზიარება, თვითადვოკატირების უნარების გაუმჯობესება, მშობელთა ძლიერი გუნდის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და კლუბის სივრცეში ემოციური განტვირთვის შესაძლებლობის შექმნა.