ა(ა)იპ „სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდმა ,, აი ია“ გამოსცა მშობლებისა და სპეციალისტებისთვის განკუთვნილი კიდევ ერთი სახელმძღვანელო.
პროექტის შედეგად, პირველად, საქართველოში შეიქმნა რესურსი, რომლის გამოყენება შესაძლებელია, როგორც განვითარების ასევე სხვადასხვა შეფერხებისა თუ დარღვევის დროს.
ბეჭდური სახელმძღვანელო სამ ნაწილად იყოფა და მასში შესულია ლექსები, ნოტები და სავარჯიშოები დეტალური აღწერით. ასევე მოყვება დისკი – ვიდეო სახელმძღვანელო, რომელშიც ნახავთ გასათვალისწინებელ საკითხებსა და ლექს-სავარჯიშოებს პრაქტიკაში.
წიგნი შეიძლება გამოიყენოთ სპეციფიკურად აშლილი არტიკულაციის, ექსპრესიული და რეცეპტული მეტყველების დროს, სმენის პრობლემების, დისლალიის, ენა – ბორძიკის, აპრაქსიის, აფაზიის შემთხვევაში. შედეგად, შესამჩნევად უმჯობესდება სივრცეში ორიენტაციის უნარი, რიტმის შეგრძნება, ნატიფი და მსხვილი მოტორიკა; სრულყოფილი ხდება საარტიკულაციო მოძრაობები, ვითარდება ფონემატური სმენა, ბავშვის მოძრაობები მეტად თავისუფალია, მიმიკა – ცოცხალი და ემოციური; უმჯობესდება კომუნიკაციური უნარები. მეთოდი სასარგებლოა ყველა იმ ბავშვისთვის, ვისაც აქვს კომუნიკაციასთან და მეტყველებასთან, მოძრაობასთან დაკავშირებული სირთულეები. ლექსი-სავარჯიშოების გამოყენების დროს ასევე ხდება ტვინის იმ ნაწილზე მუშაობა, რომელიც მოძრაობებზეა პასუხისმგებელი. ვარჯიშის შესრულებისას იცვლება როგორც ტვინის სტრუქტურა, ისე ფუნქცია და მყარდება ახალი ნერვული კავშირები განმეორებადი აქტივობების ხარჯზე. რიტმი დიდ როლს თამაშობს ტვინში მოტორული სფეროს განვითარებაზე. მუსიკალური ლექსი-სავარჯიშოებით თერაპიის დროს, თითებით ვარჯიშთან ერთად, ბავშვები ამბობენ ლექსს ან მღერიან. მუსიკა ამ დროს დამხმარეა. ის იძლევა წინასწარგანსაზღვრულობის შეგრძნებას, თანმიმდევრულია და ბავშვებისთვის მოკარნახის ფუნქციას იძენს, რის შედეგადაც პატარებს უმარტივდებათ მოცემული სავარჯიშოების შესრულება. აქტივობის დროს ყურადღება უნდა მიექცეს როგორც მოძრაობის შესრულების მახასიათებლებს (რამდენად რიტმულად, რამდენად ნელა, რამდენად სწორად სრულდება ესა თუ ის სავარჯიშო), ისე მეტყველების და წამღერების შესაბამის ტემპს, ინტონაციას, ემოციას, მიმიკურ გამოხატულებას, ემოციას და სხვა. ბავშვები მათთვის სასიამოვნო აქტივობის ფარგლებში სასიამოვნოდ, სახალისოდ და მუსიკის თანხლებით სწავლობენ ფერებს, ცხოველებს, მწერებს, მათი მახასიათებლებს, ანტონიმებს და სხვ.
https://drive.google.com/…/1Fjrf28CDlPoOsl30Iwr…/view…
წიგნის ავტორია ნინო გაბაშვილი – მეტყველების თერაპევტი
კომპოზიტორი: თამარ ჟორდანია – მუსიკა თერაპევტი
ვიდეოები ორ ნაწილიანია:
პირველ ნაწილში შესულია სავარჯიშოს შესრულების დროს გასათვალისწინებელი საკითხები
მეორე ნაწილში კი ლექსი-სავარჯიშოს ვიდეოები
https://www.youtube.com/playlist…
პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ,,კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში ,,უსაზღვრო შესაძლებლობები“ საქველმოქმედო ფონდის ,,აი ია“ გამარჯვებული პროექტის ,,მუსიკალური ლექსი-სავარჯიშოები შშმ ბავშვების შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად“ ფარგლებში. (32 09 02)